შიომღვიმის მონასტერი

შიომღვიმის მონასტერი

Friday, June 17, 2016


სულთმოფენობა

სულთმოფენობის დღესასწაული ეკლესიის დაბადების დღეა. ეკლესია მხოლოდ შენობა და ხატები არ არის. ეკლესია ცოცხალია, რადგან მასში სულიწმიდა, ღმერთი სახლობს. ეკლესია ის ადამიანები, ის ანგელოზები და ის სამყაროა, რომელიც ღმერთთან ერთად ცხოვრობს.

პირველი ადამიანი ღმერთმა მიწისგან შექმნა, სული შთაბერა და ასე გააცოცხლა. ასევე ღმერთმა საკუთარ მოწაფეებს, მოციქულებს სულიწმიდა შთაბერა და ახალი სიცოცხლე აჩუქა, ეკლესიად აქცია. ეკლესიის გარეშე ჩვენ ყველანი სათითაოდ ვცხოვრობთ. ეკლესიაში კი ყველას ერთი, უფალი გვაერთიანებს და გვაცოცხლებს. 
სულთმოფენობა, ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
სულთმოფენობა, ეკლესიის დაბადების დღე აღგომიდან ორმოცდამეათე, ხოლო ამაღლებიდან მეათე დღეს აღინიშნება. ქრისტეს მოწაფეებისთვის ძალიან სამწუხარო იყო თავიანთ მოძღვართან განშორება, როცა იგი ზეცაში უნდა ამაღლებულიყო. მოწაფეებმა ხომ ყველაფერი დატოვეს ქრისტესთვის - საკუთარი ოჯახი, სახლი, საქმე. მაგრამ უფალი პირდება მათ, რომ მარტო არ დატოვებს და მათთან სულიწმიდას გამოგზავნის.
ამაღლებიდან მეათე დღეს მოწაფეები ერთ სახლში იყვნენ შეკრებილები. ამ დროს ზეციდან ძლიერი ქარის ხმა გაისმა. თითოეულ მოწაფეს თავზე ცეცხლის ენები დაადგა. ისინი ახალმა ძალამ აავსო. ყველანი უჩვეულო სიხარულმა მოიცვა. ეს იყო იესო ქრისტეს მიერ დაპირებული სულიწმიდა. ის უფლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის ნუგეშინისმცემელი, ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა.
ჯვარცმის წინ, როდესაც იესო ჯარისკაცებმა შეიპყრეს, მოციქულები შეშინებულები გაიქცნენ. პეტრემაც კი, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა მაცხოვარი და მისი გულმხურვალე მოწაფე იყო, პირველივე შემთხვევისას უარყო, რომ იცნობდა ქრისტეს.
სულიწმიდიდ მიღების შემდეგ კი მოწაფეები ახალი ადამიანები გახდნენ. ისინი სასწაულებრივად ალაპარაკდნენ სხვადასხვა, მათთვის უცნობ ენაზე, იწყეს ქადაგება და ქრისტეს აღდგომას ახარებდნენ ხალხს. ისინი უფლისთვის სიკვდილსაც კი უშიშრად ეგებებოდნენ.
სულიწმიდა თითოეულ ჩვენგანშიც სახლობს, როგორც ყველაზე ძვირფასი საუნჯე ადამიანისთვის; სულიწმიდა ნათლობისას გვეძლევა. სულიწმიდა გვანუგეშებს უიმედობისას, გვაძლიერებს სირთულეების დროს, გვამხნევებს, როცა რაიმე გვიჭირს, გვაძლევს ძალას დავამარცხოთ საკუთარი ცუდი თვისებები და გავხდეთ ძლიერები, უშიშრები, მოსიყვარულეები, თავმდაბლები.
სულთმოფენობას, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს ტაძრებს გაზაფხულის ახლადამწვანებული ბალახითა და ყვავილებით რთავენ. სიმწვანე მარადიული სიცოცხლის ნიშანია. სადაც სულიწმიდაა, იქ არის მარადიული სიცოცხლე და სიხარული უფალთან ერთად ცხოვრებისა. 

"სულითა და ცეცხლითა" (სულთმოფენობა) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ცილიდან "საუფლონი"


Wednesday, June 8, 2016


უფლის ამაღლება

აღდგომის შემდეგ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად ორმოცი დღე დარჩა. იგი ყოველთვის თავის მოწაფეებთან იყო, ანუგეშებდა, არიგებდა და ეუბნებოდა მათ: 

ამაღლება, ფრაგმენტი გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ხატიდან, მე-16 ს.
 „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარება (სასიხარულო ამბავი ჩემი აღდგომისა) ყოველსა დაბადებულსა; რომელსა ჰრწმენეს (ვინც იწამოს) და ნათელ იღოს (მოინათლოს) ცხოვნდეს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, წარწყმდეს. ჩემი მორწმუნეები ასეთ სასწაულებს იზამენ: ჩემი სახელით ეშმაკებს გააძევებენ, ახალ ენაზე ილაპარაკებენ, გველებს შეიპყრობენ და თუ სასიკვდილოს (შხამიანს) რამეს დალევენ, არა ავნებს მათ; სნეულებს ხელს დაადებენ და ისინი განიკურნებიან.“ თქვენ ხართ მოწამე იმისა, რომ იესო ქრისტე ევნო ჯვარზე , მოკვდა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. იერუსალიმს ნუ მოშორდებით სანამ სულიწმიდას არ გამოგიგზავნით და  მადლით არ აღივსებით.
მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეები ბეთანიაში, ზეთისხილის (ელეონის) მთაზე გაიყვანა, აღაპყრო ხელები ზევით, აკურთხა ისინი და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა.
მოწაფეები განცვიფრებულნი უყურებდნენ ქრისტეს ამაღლებას. ამ დროს მათ ციდან ორი თეთრად შემოსილი ანგელოზი მოევლინა, რომლებმაც უთხრეს: „კაცნო გალილეველნო! რასა სდგათ და ხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.“
მოციქულები გახარებულნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.
ამგვარად, უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა ქვეყნად თავისი დანიშნულება: გამოგვიხსნა ჩვენ ეშმაკისა და სიკვდილისაგან და ამაღლდა ზეცაში. უფლის ამაღლება მოხდა ხუთშაბათ დღეს. წმიდა ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ხუთშაბათ დღეს დღესასწაულობს.


"ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა" - საპატრიარქოს ტელევიზია 
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"