შიომღვიმის მონასტერი

შიომღვიმის მონასტერი

Friday, June 17, 2016


სულთმოფენობა

სულთმოფენობის დღესასწაული ეკლესიის დაბადების დღეა. ეკლესია მხოლოდ შენობა და ხატები არ არის. ეკლესია ცოცხალია, რადგან მასში სულიწმიდა, ღმერთი სახლობს. ეკლესია ის ადამიანები, ის ანგელოზები და ის სამყაროა, რომელიც ღმერთთან ერთად ცხოვრობს.

პირველი ადამიანი ღმერთმა მიწისგან შექმნა, სული შთაბერა და ასე გააცოცხლა. ასევე ღმერთმა საკუთარ მოწაფეებს, მოციქულებს სულიწმიდა შთაბერა და ახალი სიცოცხლე აჩუქა, ეკლესიად აქცია. ეკლესიის გარეშე ჩვენ ყველანი სათითაოდ ვცხოვრობთ. ეკლესიაში კი ყველას ერთი, უფალი გვაერთიანებს და გვაცოცხლებს. 
სულთმოფენობა, ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
სულთმოფენობა, ეკლესიის დაბადების დღე აღგომიდან ორმოცდამეათე, ხოლო ამაღლებიდან მეათე დღეს აღინიშნება. ქრისტეს მოწაფეებისთვის ძალიან სამწუხარო იყო თავიანთ მოძღვართან განშორება, როცა იგი ზეცაში უნდა ამაღლებულიყო. მოწაფეებმა ხომ ყველაფერი დატოვეს ქრისტესთვის - საკუთარი ოჯახი, სახლი, საქმე. მაგრამ უფალი პირდება მათ, რომ მარტო არ დატოვებს და მათთან სულიწმიდას გამოგზავნის.
ამაღლებიდან მეათე დღეს მოწაფეები ერთ სახლში იყვნენ შეკრებილები. ამ დროს ზეციდან ძლიერი ქარის ხმა გაისმა. თითოეულ მოწაფეს თავზე ცეცხლის ენები დაადგა. ისინი ახალმა ძალამ აავსო. ყველანი უჩვეულო სიხარულმა მოიცვა. ეს იყო იესო ქრისტეს მიერ დაპირებული სულიწმიდა. ის უფლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის ნუგეშინისმცემელი, ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა.
ჯვარცმის წინ, როდესაც იესო ჯარისკაცებმა შეიპყრეს, მოციქულები შეშინებულები გაიქცნენ. პეტრემაც კი, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა მაცხოვარი და მისი გულმხურვალე მოწაფე იყო, პირველივე შემთხვევისას უარყო, რომ იცნობდა ქრისტეს.
სულიწმიდიდ მიღების შემდეგ კი მოწაფეები ახალი ადამიანები გახდნენ. ისინი სასწაულებრივად ალაპარაკდნენ სხვადასხვა, მათთვის უცნობ ენაზე, იწყეს ქადაგება და ქრისტეს აღდგომას ახარებდნენ ხალხს. ისინი უფლისთვის სიკვდილსაც კი უშიშრად ეგებებოდნენ.
სულიწმიდა თითოეულ ჩვენგანშიც სახლობს, როგორც ყველაზე ძვირფასი საუნჯე ადამიანისთვის; სულიწმიდა ნათლობისას გვეძლევა. სულიწმიდა გვანუგეშებს უიმედობისას, გვაძლიერებს სირთულეების დროს, გვამხნევებს, როცა რაიმე გვიჭირს, გვაძლევს ძალას დავამარცხოთ საკუთარი ცუდი თვისებები და გავხდეთ ძლიერები, უშიშრები, მოსიყვარულეები, თავმდაბლები.
სულთმოფენობას, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს ტაძრებს გაზაფხულის ახლადამწვანებული ბალახითა და ყვავილებით რთავენ. სიმწვანე მარადიული სიცოცხლის ნიშანია. სადაც სულიწმიდაა, იქ არის მარადიული სიცოცხლე და სიხარული უფალთან ერთად ცხოვრებისა. 

"სულითა და ცეცხლითა" (სულთმოფენობა) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ცილიდან "საუფლონი"


No comments:

Post a Comment