შიომღვიმის მონასტერი

შიომღვიმის მონასტერი

Sunday, October 18, 2015


იესო ქრისტეს შობა

ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და რომის იმპერატორს, ანუ კეისარს ემორჩილებოდა. იმ პერიოდის კეისარმა მოინდომა შეეტყო რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი იმ ქალაქში გამოცხადდეს, რომელსაც მისი წინაპრები ეკუთვნოდნენ და იქ ჩაეწეროსო.

იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ამიტომ მათ ნაზარეთიდან დავით მეფის სამშობლოში, ქალაქ ბეთლემში მოუწიათ გამგზავრება. იოსებს და მარიამს გზაზე დაუგვიანდათ და შებინდებისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი გავსებული იყო ჩამოსული ხალხით. მათ ბინა ვეღარ იშოვეს და იქვე, ქალაქის განაპირას, გამოქვაბულს შეაფარეს თავი. ამ გამოქვაბულში ცუდი ამინდის დროს მწყემსები საქონელს აბინავებდნენ ხოლმე.

 სწორედ იმ ღამით დაუდგა მარიამს მშობიარობის დრო და დაიბადა იესო. მარიამმა ახალშობილი შეახვია და ბაგაში ჩააწვინა. ასეთი სახით ასრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო.
ყველაზე ადრე ქრისტეს შობა იქაურმა მწყემსებმა შეიტყვეს, რომლებიც ქალაქის ახლოს საქონელს აძოვებდნენ. უეცრად ცა განათდა და მწყემსებმა ცაზე ბრწყინვალე ანგელოზი შენიშნეს. ისინი ძლიერ შეშინდნენ.
ანგელოზმა კი უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, ახლა დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს.“
ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ანგელოზის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“
ამ გალობით ანგელოზები მაღლა-მაღლა წავიდნენ და ცაში მიიმალნენ.
გონს მოსული მწყემსები საჩქაროდ გაემართნენ ბეთლემისკენ, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლიარე პატარა იესო და თაყვანი სცეს მას, ვითარცა ღმერთს.
შემდეგ იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. აქ იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისა იყო მას ზედა.

(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

"მაცხოვრის განკაცება" (შობის დღესასწაული) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"





ნათლისღება

უდაბნოში იოანე ნათლისმცემელს გამოეცხადა ღმერთი და უბრძანა: ჩადი მდინარე იორდანეს ნაპირთან, უქადაგე ერს ცოდვათა მონანიება, ნათელ-ეცი მას წყლით და მოამზადე იგი მაცხოვრის მიღებისათვისო.

ნათლისღება, მე-16 ს-ის მინიატურა წმიდა ოთხთავიდან
ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
 იოანე მაშინვე დამორჩილდა ღვთის ნებას და იმ დღიდან მდინარე იორდანეს ნაპირთან იწყო ქადაგება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.“
უამრავი ხალხი მიდიოდა იერუსალიმიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან იოანესთან, აღიარებდნენ ცოდვებს და მის მიერ ინათლებოდნენ მდინარე იორდანეში.
ამ დროს იესო ქრისტეს ოცდაათი წელი შეუსრულდა და ისიც მივიდა იოანესთან ნათლისღებისთვის. იოანეს არ ჰყავდა ნანახი ქრისტე, თუმცა იცნო იგი და უარზე დადგა: მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან მოსანათლადო?
იესო ქრისტემ უთხრა: დამიჯერე. ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველივე ის, რაც სიმართლეა და რაც კი წესადაა დადგენილი. მაშინ იოანე დაემორჩილა მას და მონათლა.
როგორც კი იესო წყლიდან ამოვიდა, მაშინვე ზეციდან სულიწმიდა გადმოვიდა მასზე მტრედის სახით და ზეციდან მოისმა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი.“
ნათლისღების შემდეგ იესო წავიდა უდაბნოში, ორმოცი დღე ემზადებოდა მარხვითა და ლოცვით და ბოლოს გამოვიდა ხალხში საქადაგებლად. მაცხოვარმა მალე შეიძინა თორმეტი მოწაფე, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა დედამიწაზე მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ.

(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)   

"განცხადება უფლისა" (ნათლისღება) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"

No comments:

Post a Comment