შიომღვიმის მონასტერი

შიომღვიმის მონასტერი

Friday, October 30, 2015



უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
(ბზობა)

პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესო ქრისტე ექვსი დღით ადრე გაემგზავრა იერუსალიმში დღესასწაულზე დასასწრებად. მაცხოვარი, როდესაც ზეთისხილის მთასთან მდებარე სოფლებს მიუახლოვდა: ბეთბაგეს და ბეთანიას, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა: „წადით მახლობელ დაბაში, იპოვით იქ მიბმულ  ვირსა და კვიცს, ახსენით და მომგვარეთ.“ 
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
მოწაფეებმა აასრულეს ეს, მიჰგვარეს ვირი და კვიცი (ჩოჩორი) თავის მოძღვარს, გადააფარეს კვიცს თავიანთი სამოსელი. დაბრძანდა მასზე იესო ქრისტე და იერუსალიმისკენ გაემგზავრა. ზეთისხილის მთის იქეთ მას სხვა მოწაფეებიც მიეგებნენ, რომელნიც ადიდებნდნენ უფალს და ამბობდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.“
იესოს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა, რომელიც გალობდა და პალმის ტოტებს უფენდა მაცხოვარს ფეხქვეშ. იქვე იყვნენ ფარისევლებიც, რომლებიც ეუბნებოდნენ იესოს: „უბრძანე მოწაფეებს, რომ გაჩუმდნენ.“ იესომ მიუგო: „თუ ისინი გაჩუმდებიან, ქვანი იღაღადებენ.“
იერუსალიმიდან დიდძალი ხალხი შემოეგება იესოს და კითხულობდა მის ვინაობას. პასუხად კი ეუბნებოდნენ: „ეს არის წინასწარმეტყველი იესო ნაზარეთიდან, გალილეველი.“
ასეთი დიდებით შევიდა მაცხოვარი იერუსალიმის ტაძარში, სადაც მრავალი სასწაული მოახდინა. აქვე მიეგებნენ მას ყრმები და უგალობდნენ: „ოსანა (სიცოცხლე, გამარჯვება) ძესა დავითისასა.“ ამის მოსმენაზე მღვდელმთავრები განრისხდნენ და უთხრეს იესოს: „გესმის რას ამბობენ?“
იესომ კი მიუგო: „არა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ პირთა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაემტკიცოს ქება“ (ფს. 8,3). იერუსალიმიდან მაცხოვარი ბეთანიაში წაბრძანდა. 

"ნებით შესვლა ვნებისათვის" (ბზობა) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"

No comments:

Post a Comment