შიომღვიმის მონასტერი

შიომღვიმის მონასტერი

Friday, June 17, 2016


სულთმოფენობა

სულთმოფენობის დღესასწაული ეკლესიის დაბადების დღეა. ეკლესია მხოლოდ შენობა და ხატები არ არის. ეკლესია ცოცხალია, რადგან მასში სულიწმიდა, ღმერთი სახლობს. ეკლესია ის ადამიანები, ის ანგელოზები და ის სამყაროა, რომელიც ღმერთთან ერთად ცხოვრობს.

პირველი ადამიანი ღმერთმა მიწისგან შექმნა, სული შთაბერა და ასე გააცოცხლა. ასევე ღმერთმა საკუთარ მოწაფეებს, მოციქულებს სულიწმიდა შთაბერა და ახალი სიცოცხლე აჩუქა, ეკლესიად აქცია. ეკლესიის გარეშე ჩვენ ყველანი სათითაოდ ვცხოვრობთ. ეკლესიაში კი ყველას ერთი, უფალი გვაერთიანებს და გვაცოცხლებს. 
სულთმოფენობა, ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
სულთმოფენობა, ეკლესიის დაბადების დღე აღგომიდან ორმოცდამეათე, ხოლო ამაღლებიდან მეათე დღეს აღინიშნება. ქრისტეს მოწაფეებისთვის ძალიან სამწუხარო იყო თავიანთ მოძღვართან განშორება, როცა იგი ზეცაში უნდა ამაღლებულიყო. მოწაფეებმა ხომ ყველაფერი დატოვეს ქრისტესთვის - საკუთარი ოჯახი, სახლი, საქმე. მაგრამ უფალი პირდება მათ, რომ მარტო არ დატოვებს და მათთან სულიწმიდას გამოგზავნის.
ამაღლებიდან მეათე დღეს მოწაფეები ერთ სახლში იყვნენ შეკრებილები. ამ დროს ზეციდან ძლიერი ქარის ხმა გაისმა. თითოეულ მოწაფეს თავზე ცეცხლის ენები დაადგა. ისინი ახალმა ძალამ აავსო. ყველანი უჩვეულო სიხარულმა მოიცვა. ეს იყო იესო ქრისტეს მიერ დაპირებული სულიწმიდა. ის უფლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის ნუგეშინისმცემელი, ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა.
ჯვარცმის წინ, როდესაც იესო ჯარისკაცებმა შეიპყრეს, მოციქულები შეშინებულები გაიქცნენ. პეტრემაც კი, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა მაცხოვარი და მისი გულმხურვალე მოწაფე იყო, პირველივე შემთხვევისას უარყო, რომ იცნობდა ქრისტეს.
სულიწმიდიდ მიღების შემდეგ კი მოწაფეები ახალი ადამიანები გახდნენ. ისინი სასწაულებრივად ალაპარაკდნენ სხვადასხვა, მათთვის უცნობ ენაზე, იწყეს ქადაგება და ქრისტეს აღდგომას ახარებდნენ ხალხს. ისინი უფლისთვის სიკვდილსაც კი უშიშრად ეგებებოდნენ.
სულიწმიდა თითოეულ ჩვენგანშიც სახლობს, როგორც ყველაზე ძვირფასი საუნჯე ადამიანისთვის; სულიწმიდა ნათლობისას გვეძლევა. სულიწმიდა გვანუგეშებს უიმედობისას, გვაძლიერებს სირთულეების დროს, გვამხნევებს, როცა რაიმე გვიჭირს, გვაძლევს ძალას დავამარცხოთ საკუთარი ცუდი თვისებები და გავხდეთ ძლიერები, უშიშრები, მოსიყვარულეები, თავმდაბლები.
სულთმოფენობას, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს ტაძრებს გაზაფხულის ახლადამწვანებული ბალახითა და ყვავილებით რთავენ. სიმწვანე მარადიული სიცოცხლის ნიშანია. სადაც სულიწმიდაა, იქ არის მარადიული სიცოცხლე და სიხარული უფალთან ერთად ცხოვრებისა. 

"სულითა და ცეცხლითა" (სულთმოფენობა) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ცილიდან "საუფლონი"


Wednesday, June 8, 2016


უფლის ამაღლება

აღდგომის შემდეგ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად ორმოცი დღე დარჩა. იგი ყოველთვის თავის მოწაფეებთან იყო, ანუგეშებდა, არიგებდა და ეუბნებოდა მათ: 

ამაღლება, ფრაგმენტი გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ხატიდან, მე-16 ს.
 „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარება (სასიხარულო ამბავი ჩემი აღდგომისა) ყოველსა დაბადებულსა; რომელსა ჰრწმენეს (ვინც იწამოს) და ნათელ იღოს (მოინათლოს) ცხოვნდეს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, წარწყმდეს. ჩემი მორწმუნეები ასეთ სასწაულებს იზამენ: ჩემი სახელით ეშმაკებს გააძევებენ, ახალ ენაზე ილაპარაკებენ, გველებს შეიპყრობენ და თუ სასიკვდილოს (შხამიანს) რამეს დალევენ, არა ავნებს მათ; სნეულებს ხელს დაადებენ და ისინი განიკურნებიან.“ თქვენ ხართ მოწამე იმისა, რომ იესო ქრისტე ევნო ჯვარზე , მოკვდა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. იერუსალიმს ნუ მოშორდებით სანამ სულიწმიდას არ გამოგიგზავნით და  მადლით არ აღივსებით.
მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეები ბეთანიაში, ზეთისხილის (ელეონის) მთაზე გაიყვანა, აღაპყრო ხელები ზევით, აკურთხა ისინი და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა.
მოწაფეები განცვიფრებულნი უყურებდნენ ქრისტეს ამაღლებას. ამ დროს მათ ციდან ორი თეთრად შემოსილი ანგელოზი მოევლინა, რომლებმაც უთხრეს: „კაცნო გალილეველნო! რასა სდგათ და ხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.“
მოციქულები გახარებულნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.
ამგვარად, უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა ქვეყნად თავისი დანიშნულება: გამოგვიხსნა ჩვენ ეშმაკისა და სიკვდილისაგან და ამაღლდა ზეცაში. უფლის ამაღლება მოხდა ხუთშაბათ დღეს. წმიდა ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ხუთშაბათ დღეს დღესასწაულობს.


"ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა" - საპატრიარქოს ტელევიზია 
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"


Wednesday, April 6, 2016


ხარება მარიამ ღვთისმშობლისა


ერთხელ, როდესაც წმიდა მარიამი საღმრთო წერილს კითხულობდა, უეცრად ღვთისგან გამოგზავნილი გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.“
ხარება, ფრესკა უბისის მონასტერში
თავმდაბალი მარიამი ასეთმა უცნაურმა ხარებამ ძლიერ შეაძრწუნა და არ იცოდა, რა ეფიქრა.
მაშინ მთავარანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, შენ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აი, ჩაგესახება ძე, შობ მას და დაარქმევ სახელად იესოს. იგი იქნება დიდი და ეწოდება ძე მაღლისა.“
მარიამმა უპასუხა: „როგორ მოხდება ეგ, როდესაც მე მამაკაცი არ ვიცი?“
ანგელოზმა მიუგო: „სულიწმიდა გადმოვა შენზედ და ძალი მაღლისა დაგფარავს. ამიტომ შენგან შობილი იქნება წმიდა და ძე ღვთისა დაერქმევა. აგერ, შენი ნათესავი მოხუცი ელისაბედიც ხომ აქამდე უშვილო იყო? მაგრამ ახლა უკვე ექვსი თვეა, რაც შვილი ჩაესახა. ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია.“
ამ სიტყვების შემდეგ მარიამმა ირწმუნა ხარება მთავარანგელოზისა და თავმდაბლად უთხრა: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა.“
და განშორდა მას გაბრიელ მთავარანგელოზი.

"გიხაროდენ ქალწულო და დედაო" (ხარება) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"

Saturday, November 21, 2015


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს ღრმა მოხუცებულობას, რომ შვილი არ ჰყოლიათ. ისინი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას და თან აღთქმა დადეს, თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა-ვედრება და მათ ასული უბოძა.

სამი წლის შემდეგ, როდესაც ყოვლადწმიდა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ და ანამ ღვთისთვის მიცემული პირობა შეასრულეს: უხმეს ნათესავ-ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
ფრესკა ზემო ბეთლემის მცხოვრის შობის სახელობის ტაძარში
იერუსალიმის ტაძარში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება მღვდელმსახურთა თანხლებით. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მისი ავლა ქალწულს თითქოს დამოუკიდებლად არ შეეძლო, მაგრამ როდესაც მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, ღვთის მადლით, დანარჩენი თოთხმეტი საფეხურიც სწრაფად აირბინა და საყდარში შევიდა.
უფლის შთაგონებით მღვდელმთავარმა ზაქარიამ ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ თავად შედიოდა, როგორც მღვდელმთავარი, ისიც წელიწადში ერთხელ.
ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა... დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.“
ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა, ემსახურებოდა სნეულებს და გლახაკებს, თავის ულუფა საზრდელს მათ აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ხელითა ანგელოზისაითა“.
ადრე დაობლებულმა მარიამმა, როდესაც სრულწლოვანებას მიაღწია, მან, პირველმა დედათა შორის, თავი უფალს მიუძღვნა და, ღვთის მადლით, მაცხოვრის დედა გახდა. 

"ყოვლადწმიდა კიდობანი" (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება) -
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"

Friday, October 30, 2015



უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
(ბზობა)

პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესო ქრისტე ექვსი დღით ადრე გაემგზავრა იერუსალიმში დღესასწაულზე დასასწრებად. მაცხოვარი, როდესაც ზეთისხილის მთასთან მდებარე სოფლებს მიუახლოვდა: ბეთბაგეს და ბეთანიას, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა: „წადით მახლობელ დაბაში, იპოვით იქ მიბმულ  ვირსა და კვიცს, ახსენით და მომგვარეთ.“ 
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
მოწაფეებმა აასრულეს ეს, მიჰგვარეს ვირი და კვიცი (ჩოჩორი) თავის მოძღვარს, გადააფარეს კვიცს თავიანთი სამოსელი. დაბრძანდა მასზე იესო ქრისტე და იერუსალიმისკენ გაემგზავრა. ზეთისხილის მთის იქეთ მას სხვა მოწაფეებიც მიეგებნენ, რომელნიც ადიდებნდნენ უფალს და ამბობდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.“
იესოს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა, რომელიც გალობდა და პალმის ტოტებს უფენდა მაცხოვარს ფეხქვეშ. იქვე იყვნენ ფარისევლებიც, რომლებიც ეუბნებოდნენ იესოს: „უბრძანე მოწაფეებს, რომ გაჩუმდნენ.“ იესომ მიუგო: „თუ ისინი გაჩუმდებიან, ქვანი იღაღადებენ.“
იერუსალიმიდან დიდძალი ხალხი შემოეგება იესოს და კითხულობდა მის ვინაობას. პასუხად კი ეუბნებოდნენ: „ეს არის წინასწარმეტყველი იესო ნაზარეთიდან, გალილეველი.“
ასეთი დიდებით შევიდა მაცხოვარი იერუსალიმის ტაძარში, სადაც მრავალი სასწაული მოახდინა. აქვე მიეგებნენ მას ყრმები და უგალობდნენ: „ოსანა (სიცოცხლე, გამარჯვება) ძესა დავითისასა.“ ამის მოსმენაზე მღვდელმთავრები განრისხდნენ და უთხრეს იესოს: „გესმის რას ამბობენ?“
იესომ კი მიუგო: „არა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ პირთა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაემტკიცოს ქება“ (ფს. 8,3). იერუსალიმიდან მაცხოვარი ბეთანიაში წაბრძანდა. 

"ნებით შესვლა ვნებისათვის" (ბზობა) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"

Sunday, October 25, 2015


მირქმა

ებრაელების კანონი მოითხოვდა, რომ ყოველი ბავშვი მეორმოცე დღეს ტაძარში მიეყვანათ განსაწმედად. განწმედის შემდეგ კი უნდა გამოეხსნათ იგი და ისევ უკან წაეყვანათ. მდიდარ ადამიანებს გამოსახსნელად ტაძარში ხბო მიჰყავდათ, ღარიბებს კი - ორი მტრედი.
იოსები და მარიამი ებრაელები იყვნენ, ამიტომ მათაც წაიყვანეს იესო მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში და თან ორი მტრედი მიიყვანეს შესაწირად.
იოსები და მარიამი ებრაელები იყვნენ, ამიტომ მათაც წაიყვანეს იესო მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში და თან ორი მტრედი მიიყვანეს შესაწირად.

იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი - მართალი სვიმეონი. მას ღმრთისგან ჰქონდა ნათქვამი, რომ მანამ არ გარდაიცვლებოდა, სანამ თავისი თვალით არ იხილავდა მაცხოვარს, რომელსაც იმ დროს ყველანი მოელოდნენ. სულიწმიდის შთაგონებით იგი იერუსალიმის ტაძარში, სწორედ, იმ დროს მივიდა, როდესაც იქ ჰყავდათ მიყვანილი იესო ქრისტე. 

მირქმა - საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მართალმა სვიმეონმა შეხედვისთანავე იცნო მაცხოვარი, რომლის ნახვასაც ელოდა, მიიხუტა გულზე და თქვა: „აწ (ახლა) განუტევე, მეუფეო, მონა შენი სიტყვისაებრ შენისა (როგორც ნაბრძანები გქონდა) მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა (იესო ქრისტე თავისი სწავლებით გაანათლებს ქვეყნიერებას) და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა და სადიდებლად იმ ხალხისა (ებრაელებისა), რომლისგანაც იშვა მაცხოვარი, ანუ, ახლა ასრულდა ჩემზე შენი ბრძანება, უფალო და დროა, გამიყვანო ამ ქვეყნიდან, რადგან ჩემი თვალით ვიხილე ქვეყნიერების მხსნელი.“
იოსებს და მარიამს ძლიერ უკვირდათ სვიმეონის ეს სიტყვები, თვითონაც მიიღეს მისგან ლოცვა-კურთხევა და წაიყვანეს იესო ნაზარეთში.
იერუსალიმის ტაძარში იმ დროს ცხოვრობდა 84 წლის ქვრივი ქალი, წინასწარმეტყველი ანა. როდესაც მან იესო იხილა, ყველას ეუბნებოდა, რომ იგი არის ქვეყნიერების მხსნელი. სვიმეონის მიერ უფლის მირქმას ქრისტიანები 15 თებერვალს ვდღესასწაულობთ, ამ დღესვე ვიხსენიებთ ლოცვებში მართალ სვიმეონსაც.
როგორც წესი, მართალ სვიმეონ ღმრთისმიმრქმელს ხატზე ყრმა იესოსთან ერთად გამოსახავენ. ეს წმიდანი განსაკუთრებით მფარველობს ბავშვებს.    

"ლამპრითა სულიერითა" (მირქმა) - საპატრიარქოს ტელევიზია 
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"

Sunday, October 18, 2015


იესო ქრისტეს შობა

ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და რომის იმპერატორს, ანუ კეისარს ემორჩილებოდა. იმ პერიოდის კეისარმა მოინდომა შეეტყო რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი იმ ქალაქში გამოცხადდეს, რომელსაც მისი წინაპრები ეკუთვნოდნენ და იქ ჩაეწეროსო.

იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ამიტომ მათ ნაზარეთიდან დავით მეფის სამშობლოში, ქალაქ ბეთლემში მოუწიათ გამგზავრება. იოსებს და მარიამს გზაზე დაუგვიანდათ და შებინდებისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი გავსებული იყო ჩამოსული ხალხით. მათ ბინა ვეღარ იშოვეს და იქვე, ქალაქის განაპირას, გამოქვაბულს შეაფარეს თავი. ამ გამოქვაბულში ცუდი ამინდის დროს მწყემსები საქონელს აბინავებდნენ ხოლმე.

 სწორედ იმ ღამით დაუდგა მარიამს მშობიარობის დრო და დაიბადა იესო. მარიამმა ახალშობილი შეახვია და ბაგაში ჩააწვინა. ასეთი სახით ასრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო.
ყველაზე ადრე ქრისტეს შობა იქაურმა მწყემსებმა შეიტყვეს, რომლებიც ქალაქის ახლოს საქონელს აძოვებდნენ. უეცრად ცა განათდა და მწყემსებმა ცაზე ბრწყინვალე ანგელოზი შენიშნეს. ისინი ძლიერ შეშინდნენ.
ანგელოზმა კი უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, ახლა დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს.“
ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ანგელოზის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“
ამ გალობით ანგელოზები მაღლა-მაღლა წავიდნენ და ცაში მიიმალნენ.
გონს მოსული მწყემსები საჩქაროდ გაემართნენ ბეთლემისკენ, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლიარე პატარა იესო და თაყვანი სცეს მას, ვითარცა ღმერთს.
შემდეგ იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. აქ იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისა იყო მას ზედა.

(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

"მაცხოვრის განკაცება" (შობის დღესასწაული) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"





ნათლისღება

უდაბნოში იოანე ნათლისმცემელს გამოეცხადა ღმერთი და უბრძანა: ჩადი მდინარე იორდანეს ნაპირთან, უქადაგე ერს ცოდვათა მონანიება, ნათელ-ეცი მას წყლით და მოამზადე იგი მაცხოვრის მიღებისათვისო.

ნათლისღება, მე-16 ს-ის მინიატურა წმიდა ოთხთავიდან
ქუთაისის სახელწმიფო მუზეუმი
 იოანე მაშინვე დამორჩილდა ღვთის ნებას და იმ დღიდან მდინარე იორდანეს ნაპირთან იწყო ქადაგება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.“
უამრავი ხალხი მიდიოდა იერუსალიმიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან იოანესთან, აღიარებდნენ ცოდვებს და მის მიერ ინათლებოდნენ მდინარე იორდანეში.
ამ დროს იესო ქრისტეს ოცდაათი წელი შეუსრულდა და ისიც მივიდა იოანესთან ნათლისღებისთვის. იოანეს არ ჰყავდა ნანახი ქრისტე, თუმცა იცნო იგი და უარზე დადგა: მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან მოსანათლადო?
იესო ქრისტემ უთხრა: დამიჯერე. ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველივე ის, რაც სიმართლეა და რაც კი წესადაა დადგენილი. მაშინ იოანე დაემორჩილა მას და მონათლა.
როგორც კი იესო წყლიდან ამოვიდა, მაშინვე ზეციდან სულიწმიდა გადმოვიდა მასზე მტრედის სახით და ზეციდან მოისმა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი.“
ნათლისღების შემდეგ იესო წავიდა უდაბნოში, ორმოცი დღე ემზადებოდა მარხვითა და ლოცვით და ბოლოს გამოვიდა ხალხში საქადაგებლად. მაცხოვარმა მალე შეიძინა თორმეტი მოწაფე, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა დედამიწაზე მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ.

(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)   

"განცხადება უფლისა" (ნათლისღება) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"